20 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული 400 სახლის სახურავი გადახურულია

კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე გადახურულია 400-ზე მეტი სახლი.

სტიქიით დაზარალებულ სოფლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას უკვე მეორე დღეა, ადგილზე აკვირდებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ამაშუკელი და რეგიონის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი.

ისინი დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის და ჩანტლისყურის მოსახლეობას შეხვდნენ და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის დეტალები გააცნეს.

გუბერნატორის ინფორმაციით, ყველა დაზიანებული სახლი შეკეთდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის სამ მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 3 მილიონი ლარი გამოიყო.

სტიქიის შედეგად რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში ლაგოდეხში, ყვარელსა და ახმეტაში 1335 სახლის სახურავი დაზიანდა. 

დღის ამბები