საპროტესტო აქცია გაიმართა სოფელ ვაქირში, რომელიც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სიღნაღის რაიონის 5 სოფლის მევენახეებმა ყურძენზე დაწესებული ფასები გააპროტესტეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ფასი მიზერულია და არ გამორიცხავენ, რომ ჩაბარებაზე უარი განაცხადონ.
მევენეხეები ადგილზე მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ფასის დარეგულირებასა და ღვინის ქარხნების დროულ გახსნაში ჩართვას მოითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეების განცხადებით, მოსავალი შესაძლოა ვაზზე დაუკრეფავად გაფუჭდეს.
აქციაზე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და რთველი 2015-ის შტაბის წარმომადგენელებთან ერთად პოლიციაც იმყოფებოდა. დეპუტატის განმარტებით, ყურძნის ფასს ბაზარი დაარეგულირებს, რაც შეეხება ქარხნების საკითხს, რომელი კომპანიები დაიწყებენ ყურძნის ჩაბარებას, უახლოეს 2 დღეში გახდება ცნობილი.