”ხელისუფლება ცდილობს, რუსთავი2-ის ჟურნალისტები დიდი ფულის სანაცვლოდ გადაიბიროს,” - ეს განცხადება ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ტელეწამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
თოქ-შოუ არჩევანში გიორგი გაბუნიასთან საუბრისას ზაალ უდუმაშვილმა 2012 წელს განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტელეკომპანიიდან არხის ცნობადი და უცნობი სახეების გადაყვანას დიდი ფულის სანაცვლოდ ცდილობდნენ.
”მე მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მეორე წრეზე აპირებს წასვლას, 2012 წლის მსგავსად, როცა ცდილობდნენ, ძალიან დიდი ფულის სანაცვლოდ ტელეკომპანიიდან წაეყვანათ ყველა, ტექნიკური პერსონალიდან დაწყებული და დასრულებული ცნობილი ჟურნალისტებით. მაშინ ხელისუფლებას ეს არ გამოუვიდა და ეს ბრძოლა, პრაქტიკულად, უდანაკარგოდ დავასრულეთ. მე დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთ შემოტევას გავუძლებთ. ის ვერ გაიგო ხელისუფლებამ, რომ რუსთავი2-ს რაც უფრო ბევრს ებრძვი, უფრო ძლიერდება. ამის მაგალითი ბევრჯერ ყოფილა და კიდევ იქნება,” - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ პირდაპირ ეთერში საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია რუსთავი2-ის ღირებულებების შესახებ და აღნიშნა, რომ რუსთავი2-თვის პრიორიტეტი დასავლური ფასეულობები და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.
”რაც შეეხება მხარეს, დიახ, ჩვენ ვართ მხარე. რუსთავი2 არ არის მხოლოდ პროფესიონალების ერთობა, რომლებიც ქმნიან საუკეთესო სატელევიზიო პროდუქტს. ეს ადამიანები შეკრებილები
არიან იდეალების გარშემო. ეს იდეალები და ღირებულება არის ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. თუ ჩვენ ამ ღირებულებებში რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გადავიკვეთებით, დიდი სიამოვნებით, მიუხედავად იმისა, ეს იქნება ოპოზიციური თუ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია. ყველა არხს ბუნებრივია, გააჩნია თავისი სარედაქციო პოლიტიკა. მე შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემს არხზე ვერასდროს ვერ იმუშავებს ჟურნალისტი ან პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი, რომელიც ფიქრობს, რომ ევროკავშირს ევრაზიული კავშირი სჯობს. ეს ჩვენ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჯდება. თუ ეს არის ხელისუფლების პრობლემა, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი პრობლემა არ არის,” - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.