გურჯაანში მევენახეების დაკავებაზე შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ აქციის დროს 4 დაკავებულიდან 2 ნასვამ მდგომარეობაში იყო.
„გურჯაანში მოქალაქეებმა თელავი-თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციაზე შეკრებილმა ხალხმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა არ გაატარა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა. საავტომობილო გზის გახსნის პროცესში, სამართალდამცველებმა აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორი დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად აღდგენილია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.