26 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
თბილისის ძველი საფლავები - ევროპული მოდერნის ნაწილი, რომელსაც 400 წლიანი ისტორია აქვს

თბილისის ყველაზე ძველი, კუკიის სასაფლაო. ადგილი, რომელიც ინახავს უამრავ საიდუმლოს და აქვს დაახლოებით 400 წლიანი ისტორია. დღეს ამ უზარმაზარი ტერიტორიის მთლიანად შემოვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. დიდი ნაწილი გაუვალი ბუჩქნარითა და ტყით არის დაფარული. არსებობს ვარაუდი, რომ ფიროსმანი სწორედ კუკიაზეა დაკრძალული, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა.

ძველი საფლავების დიდი ნაწილი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურითა და სკულპტურებით. კუკიაზე განთავსებული ბევრი სკულპტურა გარკვეული კონცეფციის მატარებელი გახლავთ. მაგალითად ქვისგან გამოთლილი ხე, რომელსაც ჩამომტვრეული აქვს ტოტები და ხმება. მსგავს ქანდაკებებს ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილებს უდგამდნენ, მათ ვინც შთამომავლობის გარეშე გარდაიცვალა.

1901 წელს კი კუკიაზე დაკრძალეს დაგნი იუელი, ნორვეგიელი მწერალი, ედვარდ მუნკის მუზა და იმ პერიოდის ბოჰემის ნამდვილი ვარსკვლავი. ის თბილისის გრანდ ოტელში მოკლეს და ამ მკვლელობის გარემოება დღემდე უცნობია.

დაგნის გვერდით კი მარმარილოს ფილაზე ჩეხი იოსებ რატილის სახელს და გვარს ამოიკითხავთ. ამ ადამიანმა არა ერთი ძველი ქართული სიმღერა და საგალობელი გადაარჩინა და ქართულ ფოლკლორში დიდი კვალი დატოვა.

ავტორი:გიორგი ქორქია. 

 

დღის ამბები