საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის შესახებ ბრალდებიდან რამდენიმე დღეში კახი კალაძის ცოლის ძმამ პირველი განცხადება დღეს გააკეთა, თუმცა დახარჯული თანხის შესახებ კითხვებზე პასუხები არ გაუცია.
გიორგი არეშიძემ ამ თემაზე სასაუბროდ მედიასთან კიდევ ერთი შეხვედრა დაანონსა. არეშიძემ მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები ოპონენტების მხრიდან დისკრედიტაციად შეაფასა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
ბოდიშის მოხდას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არ აპირებენ. მათი თქმით, სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით იკვეთება, სადაც წერია, რომ გიორგი არეშიძემ შაორის ბანაკის გახსნის ცერემონიის ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 95 ათასი ლარი მისსავე თანამშრომელსა და მეგობარს, ომარ გოგუაძეს გადაურიცხა.
ფაქტის შესწავლას საკრებულოს ოპოზიცია სარევიზიო კომისიისგანაც ითხოვს.
კახი კალაძის ცოლის ძმის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა განცხადება პროკურატურაში უკვე შეიტანეს.
ავტორი: ეკო მაღრაძე.