26 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
ალიანსში მაპის გარეშე და გარანტიები "დიდი შვიდეულისგან" - რა მიიღო უკრაინამ ვილნიუსის სამიტზე

თანამედროვე საჰაერო, სამხედრო და საზღვაო ტექნიკა, სადაზვერვო მონაცემების სწრაფი გაცვლა, ჰიბრიდული და კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელი პროგრამების უფრო გაფართოება და უკრაინის საწარმოო პოტენციალის გაძლიერება - სწორედ ამ ტიპის დახმარებას უზრუნველყოფს დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინისთვის. კიევისთვის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების შეთანხმებას, ხელს დიდი შვიდეულის წევრი ყველა სახელმწიფო აწერს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას, ამ რაოდენობის ქვეყნები ერთობლივად იღებენ. ისტორიულს უწოდებენ დასავლელი ლიდერები ასევე ნატო-უკრაინის თანამშრომლობის ახალი ფორმატის, ნატო-უკრაინის საბჭოს ამოქმედებას. საბჭოს პირველი სხდომა ვილნიუსში დღეს გაიმართა.

ალიანსის წევრებმა და მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოთხოვნები გაუქმდება. იენს სტოლტენბერგმა სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ეს ომში მყოფ ქვეყანას დაჭირდება.

რამდენად კმაყოფილია მიღწეული შედეგით უკრაინა? გუშინდელისგან განსხვავებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტის დღევანდელი შედეგები დადებითად შეაფასა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ იდეალური იქნებოდა უკრაინა ნატოში მიეწვიათ.

პარტნიორებისადმი არასათანადო მადლიერების გრძნობა სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებაზე- დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა უკრაინის პრეზიდენტი ხისტი პოზიციის გამო გააკრიტიკა და თქვა რომ გაერთიანებული სამეფო არ არის ამაზონი, რომელიც უკრაინაში იარაღის მიწოდების სერვისი იქნება . დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ზელენსკის ურჩია, რომ უკრაინამ საკმარისი სიბრძნე უნდა გამოიჩინოს და მხარდამჭერებს მადლიერება აგრძნობინოს.

ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვისაც. სამიტის ფარგლებში მიღებულ კომუნიკეში მკაფიოდ წერია, რომ ნატო ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ალიანსის წევრობის შესახებ და სამოქმედო გეგმა (MAP) არის პროცესის განუყოფელი ნაწილი. ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ძალების ჩარევის გარეშე. ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის მონაწილეობით მნიშვნელოვანი, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. ილია დარჩიაშვილი ბერძენ , ფინელ, ესტონელ და ბრიტანელ კოლეგებს შეხვდა. ვილნიუსში პირველად გაიმართა საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ ამ ფორმატში კოორდინაცია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები, ლიეტუვას დედაქალაქში ორი დღის განმავლობაში, ნატოს გაფართოებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაზე, ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ.

დღის ამბები