საპროტესტო აქციები კახეთში გრძელდება. დღეს დილიდან გლეხები თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ალაზნის ხიდზე შეიკრიბნენ. მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ მისი ჩაბარება 1 ლარად მოხდეს.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
მევენახეების თქმით სახელმწიფო ტყუის როცა ამბობს, რომ ქარხნები გახსნილია და ყურძნის ჩაბარება მიმდინარეობს. ისინი განმარტავენ, რომ მხოლოდ რამდენიმე ქარხანა იბარებს დასეტყვილ ყურძენს 5 თეთრად.
გლეხები მოითხოვენ ადგილზე სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ჩასვლას. ისინი ასევე მიმართავენ პრემიერს, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და ყურძნის საფასური 1 ლარი გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მევენახეები კიდევ უფრო მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფება ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე. ოთარ ბუჯიაშვილის განცხადებით შტაბიდან მიღებული ინფორმაციით ქარხნები გახსნილია და როგორც დასეტყვილ, ასევე საღ ყურძენს იბარებენ.