რუსული ბაზრის გამო მოლოდინი ახალ ხელისუფლებასაც მაღალი ჰქონდა და მეღვინეებსაც. რუსულ კრიზისის უკრაინის ომიც დაერთო და ორი უმსხვილესი საექპორტო ბაზარი პრაქტიკულად გაქრა.
თითქმის ყველა ღვინის ქარხანაში, არსებული საცავების 60-70% ისევ ძველი ღვინითაა სავსე, ქარხნების უმეტესობას საკუთარი ვენახები აქვს და გლეხის ყურძნამდე ჯერ იმას ფიქრობს საკუთარი სად წაიღოს.
შარშან ყურძენში გადახდილი მაღალი ფასის გამო მწარმოებლებს ფასების 40%-ით გაზრდაც მოუწიათ, რამაც გაყიდვები კიდევ უფრო დააგდო. შედეგად რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 60%-ით დაეცა, მაშინ როცა ევროპელი მეღვინეებისთვის ვარდნა ამ კონკრეტულ ბაზარზე 25%-ს არ გასცილებია, შესაბამისად ხელისუფლებას წელს კვლავაც დასჭირდა სუბსიდია.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგი ბოლო წლებში რამდენიმე დონორმა ორგანიზაციამ შეისწავლა, უმეტესი მათგანი დარგში არსებული სუბსიდიების არაეფექტურობაზე მიუთითებდა, რადგან ის საეჭვო ხარისხის ყურძნის ჭარბწარმოებას ახალისებდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 2 წლის განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგმა 300 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო.
ერთი კილოგრამი რქაწითელი შარშან 1 ლარი, ანუ 60 ცენტამდე ღირდა, წლევანდელი ფასებით კი თითქმის 25 ცენტი ღირს, არადა ისევ კურსის წყალობით 20-30%-ით გაძვირდა ვენახის მოვლა-პატრონობა და არც სუბსიდია და არც ფასი საკმარისი არ არის.
ავტორი: მიშა სესიაშვილი.