სკანდალი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ წერილები, რომლის შემდეგაც ფეხბურთის ფედერაციას 26-მა საფეხბურთო კლუბმა წევრობის მოთხოვნით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან გაიგზავნა.
კერძოდ, საუბარია მინისტრის მოადგილეზე აკაკი ლოდიაზე. არსებული ინფორმაციით სწორედ აკაკი ლოდიამ დააგზავნა წერილები საფხებურთო კლუბებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა მანამდე ცნობილი იყო, რომ კლუბებში წერილები იმერეთის გუბერნიის შენობიდან დაიგზავნა.
გავრცელებულ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გამოეხმაურა და მას "ჭორი და აბსურდი" უწოდა. ხეჩიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნები გამჭვირვალედ გაიმართება.
ფეხბურთის ფედერაციამ დღეს ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 26 საფეხბურთო კლუბის მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინა და მათ არ მისცემოდათ არჩევნებში ხმის უფლება.