პარლამენტში რთველი 2015-ის შესახებ ილაპარაკეს. დეპუტატებმა ყურძნის ჩაბარების ფასზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
„გარკვეული გაწბილება შარშანდელი უპრეცენდენტო რთველის გამო, როდესაც ყველას რწმენა გაუჩნდა და გარკვეულ ხიბლში ჩავარდა, რომ ვაზი შეიძლება გახდეს, არა მხოლოდ როგორც ჩვენი თვითმყოფადობის გამოვლინება, არამედ როგორც გამდიდრების უალტერნატივო საშუალება,"-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ნუკრი ქანთარიას ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობიდან ირმა ნადირაშვილმა უპასუხა.
„ბიძინა ივანიშვილი კახეთის ორღობეებში იყო გამომდგარი, და ერთი ლარი ცოტაა რქაწითელზეო, სამარცხვინო ფასია და ღირსეული ფასი უნდა მოგცეთო, ბატონო ნუკრი ეს სიზმარი იყო თუ ცხადი. თქვენ თქვით, რომ ხიბლში ჩავარდა ხალხიო, ვინ ჩააგდო ხიბლში ხომ არ იცით, ეს ხალხი თქვენმა პატრონმა, ბიძინა ივანიშვილმა, ჩააგდო ხიბლში. გჭირდებოდათ ამ სკამებზე დაჯდომა და დღეს თითოეულ თეთრს ამადლით გლეხებს,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ნუკრი ქანთარიას განცხადებას მიხეილ მაჭავარიანიც გამოეხმაურა.
„მაშინდელ თქვენ ხელმძღვანელს ენაზე ვინმე ექაჩებოდა, რომ 2012 წლის 8 მარტს ამბობდა, რომ მე დაჟინებით ვთხოვდი პრეზიდენტს, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებაში დახმარებოდა, ჩემი ბანკიდან ლამის ვაიძულე, რომ სუბსიდირება განეხროციელებინაო,“-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
პეტრე ცისკარიშვილმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლება ფალსიფიკაციასთან ერთად ახალი ბაზრების მოძიებაშიც მოიკოჭლებს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი