14-თვიანი პატიმრობის შემდეგ გიგი უგულავამ 17 სექტემბერი საკუთარ მეუღლესთან და შვილებთან ერთად გაატარა.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დილა ახალი შეგრძნებებით დაიწყო. საკანში არსებული სიჩუმე მისი ოჯახის წევრების და გახარებული მეგობრების საუბრით შეიცვალა. შემდეგ მას უსმენდნენ.
როგორც თბილისის ყოფილი მერი ამბობს, მარტოობასთან გამკლავება პირველი გაკვეთილია, რაც მან ციხეში მიიღო. შვილებთან დაშორება კი პატიმრობის მთავარი სინანული.
როგორც გიგი უგულავა ამბობს, მისი მეგობრები მას წიგნებს ხშირად უგზავნიდნენ და არსებულ სიცარიელეს სწორედ ასე ავსებდა.
მისი თქმით, მან დღე ღამით, ღამე კი დღით შეცვალა. იმ ფაქტს, რომ ოთხ კედელს შორის აღმოჩნდა, "იძულებითი სამეცნიერო მივლინება" დაარქვა.
ამბობს, რომ ყველაზე მეტად ადამიანებთან ურთიერთობა აკლდა. თუმცა, სწორედ მარტოობამ დააფიქრა თემებზე, რომელზეც თავისუფლებაზე ან არ უფიქრია, ან, უბრალოდ, არ სურდა, ეფიქრა.
თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ ტრანსფორმაცია თუ არ განიცადე, აქტიური ცხოვრებიდან სრულ იზოლაციაში მოქცევას ვერაფრით შეეგუები.
ავტორი: ეკა ქადაგიშვილი