ბიჭი, რომელიც პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებდა და ამის გამო მიღებული ემოციური ტრამვის შედეგად ადამიანებთან კომუნიკაციას მხოლოდ ჟესტური ენითა და წერილებით ახერხებდა, რუსთავი2-მა მიმდინარე წლის იანვარში გადაიღო.
მაშინ გიორგი ადეიშვილს პოლიცია ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებოდა. ექვსთვიანი განხილვის შემდეგ სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ახალგაზრდა უდანაშაულოდ სცნო. თუმცა, პროკურატურამ განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ყველაფერი 2014 წლის რვა ოქტომბერს სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში შესული ოპერატიული ინფორმაცით დაიწყო, რომლის თანახმადაც, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 19 წლის პრობაციონერი, გიორგი ადეიშვილი, ქალაქში გადაადგილდებოდა და თან ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა ჰქონდა.
დამნაშავის დაკავების ოპერაცია, რომელსაც არაერთი თვითმხილველი ჰყავდა, ყოფილი ავტოსადგურის შენობასთან, დაახლოებით, ექვსის ნახევარზე ჩატარდა.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული იქ მყოფი მოქალაქეებისგან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას ითხოვდა, ჩხრეკას ნეიტრალური მოწმე არ დასწრებია. შესაბამისად, ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების ფაქტიც მხოლოდ პოლიციელებმა დააფიქსირეს.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია გიორგი ადეიშვილის საქმით პირველივე ეტაპზე დაინტერესდა.
ცენტრის იურისტებმა პროკურატურაში საჩივარიც შეიტანეს და გიორგი ადეიშვილის ცემისა და წამების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
იურიდიული მხარდაჭერის გარდა, გიორგის ემპათიის მკურნალი ექიმების დახმარებაც სჭირდებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ უფრო დამძიმდა, რაც პოლიციელებმა ჯერ კიდევ სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში მისი დაკავება კიდევ ერთხელ სცადეს.
ამ საქმის განხილვა მალე უზენაეს სასამართლოსაც მოუწევს და სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული, გიორგი ადეიშვილი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს სტრასბურგში მხოლოდ წამების გამო შეიტანს თუ ქვეყანას სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევისთვის უჩივლებს.
ავტორი: გიორგი გვიშიანი