Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა, ლაშა ქავთარაძემ, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება შეაფასა.
მისი თქმით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინა ინფლაცია და რეგიონში მიმდინარე ვითარება, რის გამოც ფრთხილი ნაბიჯი გადადგა.
„სებ-ის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი არგუმენტია ის, რომ რეგიონში პოლიტიკური ვითარება რთულია. აქტუალურია ახლო აღმოსავლეთის ფაქტორი. ბუნებრივია, ეს ფაქტორი როგორც პოტენციური რისკი არსებობს.
თუმცა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამას გავლენა ჰქონდეს მომდევნო პერიოდზე, აქ ჩვენ შეგვიძლია ალბათობებით ვისაუბროთ.
თუ ეროვნული ბანკი ფიქრობს, რომ ამ რისკის რეალიზება შესაძლებელია, მაგალითად ის, რომ იმპორტირებული ინფლაცია მომდევნო თვეებში შესაძლოა, გაიზარდოს ან გაჩნდეს მოლოდინები და შემდგომ საქართველოში ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი აღმოჩნდეს.
ეს ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა განაგრძონ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რაც ჩვენ მაინც გადმოგვეცემა და უცხოურ ვალუტაზე საპროცენტო განაკვეთები კიდევ გაგრძელდება. ამიტომ, ჩვენ თუ ამ რისკს ავიღებთ ერთ-ერთ საყურადღებოდ, ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ინფლაციაზე, არამედ მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე“, - განმარტავს Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი.
ამასთან, ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ იყო მოლოდინი, რომ სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0,25%-ით შეამცირებდა.
"ვფიქრობ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,25%-ით შემცირებისთვის არგუმენტები არსებობდა.
კერძოდ, თუ შევხედავთ ინფლაციას, დაბალია და 0,7% იყო სექტემბერში. ასევე შენელებულია ადგილობრივი ინფლაცია, რომელიც წლის დასაწყისში ორნიშნა იყო და სექტემბერში 5,3% შეადგინა. ასევე ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, ინფლაციაზე გავლენას ახდენდნენ, არ არის გაზრდილი. ეკონომიკურ ზრდას თუ შევხედავთ, რომელიც ერთ-ერთი ფაქტორია თუ რამდენად მიმდინარეობს ინფლაციაზე ზეწოლა, თანდათან შენელდა, ხოლო საბანკო დაკრედიტება სრულად შეესაბამება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს. ფაქტობრივად, რომ შევაჯამოთ არგუმენტი იმისა, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილებულიყო, არის“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.
ამასთან ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამციროს.
„დარჩენილია სებ-ის მონეტარული განაკვეთის კომიტეტის კიდევ ერთი სხდომა. თუ ეროვნული ბანკის მიერ მანამდე გაჟღერებული მოლოდინები არ შეიცვალა, დეკემბერში განაკვეთი სავარაუდოდ 0,25%-ით შემცირდება. ვფიქრობ, ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, განაკვეთის 0,5%-ით შემცირებას გამორიცხავს“, - ამბობს ანალიტიკოსი.