მთავარ მაგისტრალებზე გზისპირა კლდეების გაწმენდითი გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს, რაც საქართველოში გზებზე ბოლო 30 წელია, არ ჩატარებულა.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე პროცესს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ.
გზაზე ქვათაცვენის პრობლემის მოგვარებისთვის დაგეგმილია გზისპირა კლდოვანი მასივის ბადეებით შემოფარგვლა.
როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ლითანიშვილი, აცხადებს, ქვათაცვენის გაწმენდითი სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.
„დასრულდა გაწმენდითი სამუშაოები გომი-საჩხერის მიმართულებით, ასევე სტეფანწმინდა-ლარსის მიმართულებით. მიმდინარეობს აჭარის რეგიონში ბათუმი-ახალციხის მიმართულებით მუშაობა. ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება ასევე მესტიის მიმართულებით და ხაშური-ბორჯომის მიმართულებით,“ - აცხადებს ირაკლი ლითანიშვილი.