ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური მონეტა მოიჭრა.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბანკების მმართველთა კლუბის კონფერენციაზე განაცხადა.
,,ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებები იგეგმება. მოიჭრა სპეციალური მონეტა. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ბევრი სიურპრიზი უშუალოდ ფულის ნიშნებთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ამ პროექტების პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 20 ლარის ნომინალის 28.28 გრამიანი მონეტა 925 ვერცხლის სინჯით არის დამზადებული.
მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი, ბაჩა მალაზონია.
მონეტის ავერსის დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მზე, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს მარადიულობას და სიცოცხლეს, ხოლო მზის სხივების მეწამული ფერი ეხმიანება ეროვნულ სიმბოლიკას და ასევე არის ძალაუფლების, სიძლიერის და სიმამაცის ფერი. მონეტის ცენტრში გამოსახულია ახლადდამკვიდრებული ლარის გრაფიკული ნიშანი, რომელსაც წრიულად გასდევს წარწერა "საქართველოს ეროვნული ბანკი", ასევე ლარის შემოღებიდან დღემდე პერიოდის აღმნიშვნელი თარიღები.
რევერსზე, მონეტის ცენტრალურ ნაწილში, განთავსებულია საკასო ცენტრის შენობა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშია და წარმოადგენს ეროვნული ვალუტის, ლარის, შენახვის და უსაფრთხოების სიმბოლოს. ხოლო მის ქვედა ნაწილში განთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი "20" და წარწერა "ლარი" ქართულ ენაზე.
მონეტის ზედა ნაწილში ასევე დატანილია ინგლისურ ენაზე წარწერა National bank of Georgia.
მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში (Мennica Polska, პოლონეთი) მოიჭრა და რეალიზაციაში ათასხუთასიანი ტირაჟით გავა.
მონეტის სარეალიზაციო ფასი 95 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება დღეიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.