აფხაზეთის ომში დაღუპულების სულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა სამების ტაძარში დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ქადაგების დროს ილია მეორემ 22 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და ქართველბსა და აფხაზებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. ტაძარში შეკრებილებს პატრიარქმა დღევანდელი დღესასწაული - ჯვართამაღლებაც მიულოცა.
"მინდა გაგახსენოთ, რომ 11 წელი მე ვიყავი აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. სიკეთისა და სიყვარულის მეტი მე იქ არაფერი მინახავს. მოგმართავთ ყველას, აფხაზებს, ქართველებს, შეერთდით. აფხაზებო, მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან და ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები. მწუხარება და სიხარული, როგორც ტყუპი ძმები, ერთად დადიან. დღეს მწუხარების დღეც არის და სიხარულისაც. დღეს არის ჯვართამაღლება და დღეს არის დიდი მწუხარება, აფხაზეთის ტრაგედია. აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტკივილი, აფხაზეთი ეს არის ჩვენი იმედი, აფხაზეთი ეს არის ერთიანი საქართველო. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს აფხაზეთში დაცემული ჟიული შარტავა, იგივე დავითი და სხვა გმირები. მაგრამ ამავე დროს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხონოს დაცემული აფხაზები და სხვა ერების წარმომადგენლები. ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ტრაგედია და ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის - ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, რუსებისთვის და სხვა ერებისთვის,"- აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.