"ეროსი კიწმარიშვილს ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა,"-ამის შესახებ განცხადებას კიწმარიშვილის მეგობარი და მისი ყოფილი თანაშემწე თიკო ბეჟაშვილი აკეთებს.
ბეჟაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით ეროსი კიწმარიშვილს არ ჰქონდა ფინანსური პრობლემები და უახლოეს პერიოდში 2 არსებულ რესტორანთან ერთად კიდევ ერთი კაფეს გახსნას გეგმავდა, რომელიც ახლა უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა.
"იყო მოქმედი რესტორანი აღმაშენებლის გამზირზე, იყო აზერბაიჯანული რესტორანიც და იყო მესამე კაფე, რომელიც დღე-დღეზე უნდა გახსნილიყო და სამწუხაროდ გაიხსნა ეროსის გარდაცვალების შემდეგ,"- ამბობს თიკო ბეჟაშვილი.
კიწმარიშვილის თანაშემწე ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილს პრობლემები არ ჰქონია არც საარჩევნო კამპანიის მონაწილეთათვის თანხის გადახდის კუთხით.
"ფინანსებზე მე ნაკლებად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ რამდენადაც ვიცი არ ჰქონდა. ჩვენ გადავიხადეთ საარჩევნო კამპანიაში გარკვეული თანხები და ეს ეტაპობრივად გრძელდებოდა. 120 ათასის გამო თავს არავინ არ იკლავს, ეს რაღაც ისეთი არგუმენტია,"- აცხადებს თიკო ბეჟაშვილი.