იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებზე პირველი კომენტარი გაკეთდა სახალხო დამცველის აპარატში. ომბუდსმენის წარმომადგენელი გუშინ საბჭოში გამართულ სხდომა ესწრებოდა.
სახალხო დამცველის მოადგილის განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე იყო, რომ ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადების შესახებ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მომხდარიყო ვაკანტურ ადგილებზე მოსამართლეების შერჩევა ღია პროცედურებით.
„ასევე კანონით გათვალისწინებული დაწინაურების პროცედურა არ არის დეტალურად გაწერილი და ბევრი კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩნდეს. ზოგადად, ამ შემთხვევაში, მართლმსაჯულების ინტერესი იყო, რაც შეიძლება მალე გამოცხადებულიყო კონკურსი ვაკანტურ ადგილებზე და ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად დაჩქარებული, რის თაობაზეც გუშინ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო,“ - განაცხადა ნათია კაციტაძემ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი ინსტანციიდან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა უკონკურსოდ გადანიშვნის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.