ავტომობილში ჩაყენებული აირის შემოწმება 1 აპრილამდე ყველამ უნდა გაიაროს. მთავრობამ ეს დადგენილება ისე მიიღო, რომ გაზზე მომუშავე ავტომანქანების მძღოლებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.
მძღოლებს მანქანის ტექნიკური დათვალიერებისთვის ვადა 1 აპრილამდე აქვთ. ამის შემდეგ სპეციალური ფულადი ჯარიმები ამოქმედდება. ვინც ტექდათვალიერების სპეციალურ საბუთს ვერ წარადგენს, 100-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. სპეციალური ნიშნის არმქონე მანქანებს კი გაზგასამართ სადგურზე დატუმბვის უფლებას არ მისცემენ.
ჯერ უცნობია, გაზზე მომუშავე მანქანების ტექნიკური შემოწმება სად მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში რამდენიმე კერძო სადგური უკვე არსებობს, ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრმა მაინც გამოაცხადა კონკურსი, რომლის საფუძველზეც შესაძლოა, ახალი სახელმწიფო ნებართვის მქონე სერვისცენტრი შეიქმნას, სადაც გაზზე მომუშავე მანქანები შემოწმდება.
გაზზე მომუშავე მანქანების დათვალიერება, მინიმუმ, 60 ლარი ეღირება. სწორედ ამიტომ საკრებულოს ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მოსახლეობას ეს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვება.
შემოწმება სავალდებულოა და მისი გავლა 1,3 და 5 წელში მოუწევთ.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი