საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე დღევანდელ პროცესზე მისვლას აპირებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც. მათი შეფასებით, ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია და ხელისუფლება ცდილობს, შეზღუდოს მედიის თავისუფლება, ოპოზიციური და კრიტიკული აზრი ქვეყანაში.
"ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პერიოდში, როცა მისი რეიტინგი მინიმუმამდეა დასული, რუსთავი 2 ჩაახშოს. ეს ძალიან სერიოზულად დაარტყამს საქართველოს სახელმწიფოებრიობას,"-განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიგი წერეთელმა.
ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, აუცილებელია ყველამ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მხარი დაუჭიროს სიტყვის თავისუფლებას, რათა არ შეექმნას საფრთხე ქვეყნის დემოკრატიას და მის ევროპულ მომავალს.
ახალ პოლიტიკურ ცენტრშიც აცხადებენ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი.
ოპოზიციის შეფასებით, ეს არ არის მხოლოდ რუსთავი 2-ის დაცვა, ეს დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების დაცვაცაა.
საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარის, პაატა დავთაიას, თქმით, პროცესზე მისვლით არამარტო რუსთავი 2-ს დაიცავენ, არამედ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას.