30 დეკემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ვახტანგ ცინცაძე: იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 4.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4.8 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა

2024 წლის სექტემბერში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, წინა წლის სექტემბერთან შედარებით ექსპორტი 17.0 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 615.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ექსპორტის მაღალი ზრდა ფიქსირდება ივნისის თვიდან - ჯამურად იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 4.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4.8 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ექსპორტის ზრდის ტენდენციები ბიზნეს და კერძო სექტორის აქტივობაზე მიანიშნებს და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ოპტიმისტური პროგნოზის მოლოდინის საშუალებას იძლევა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ამ მხრივ, არაერთი სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რომელიც საქართველოს აქვს მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა ქვეყნებთან, ჯამში, 2,3 მილიარდიან ბაზართან.

„ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, ერთი მხრივ, როგორც სავაჭრო ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, მეორე მხრივ კი, გავზრდით და გავაფართოებთ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა 2023 წელს დაფიქსირდა - ექსპორტი 9.0 პროცენტით გაიზარდა და 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 13.4 პროცენტით გაიზარდა და 21.7 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

დღის ამბები