პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იგეგმება შეხვედრა, სადაც პოლიტიკური პარტიები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პრეზიდენტს უნდა შეხვდნენ, კონსტიტუციური წესრიგისა და სამოქალაქო სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
შეხვედრასთან დაკავშირებით პირველი კომენტარები გააკეთეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.
ადმინისტრაციაში უკვე იმყოფებიან თავისუფალი დემოკრატები. პრეზიდენტთან მისვლას აპირებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტის შეფასება იყო ადეკვატური და დროული. მათი თქმით, სწორედ პრეზიდენტი უნდა იყოს იმის გარანტი, რომ ვითარება არ გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება თავად ცდილობს ვითარების ესკალაციას და ქვეყანა მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც მათი თქმით, ოპოზიციამ და მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა შეაჩეროს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგო რატიანის განმარტებით, პრეზიდენტმა ადეკვატურად შეაფასა ის საფრთხე, რაც ქართული ოცნების მხრიდან მომდინარეობს.
„ეს არის საფრთხე იმისა, რომ მთავრობა ახდენს პროცესების ესკალაციას და მიყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ყველაფერი მეტყველებს ამაზე," - აღნიშნა სერგო რატიანმა.
მნიშვნელოვანს უწოდებს პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე. პაატა დავითაია აპირებს პრეზიდენტთან მისვლას და საკითხის დაყენებას, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რათა ეს სიტუაცია განიმუხტოს.
პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებენ ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლები.
"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ უბედურებისკენ, რომლის გამოცდილებაც ყველას გვაქვს საკუთარ ქვეყანაზე,“ - აცხადებს გოგა ხაჩიძე.
ის პრემიერის მიერ დღეს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. ხაჩიძის შეფასებით, ნორმალურ ქვეყანაში ასეთი განცხადებების გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.