პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენისთვის 5 წლიან პატიმრობას მოითხოვს. მემარჯვენე კანონმდებელს საგამოძიებო უწყება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს.
ინფორმაციას ამის შესახებ "პოლიტიკო" ავრცელებს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ლე პენი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ლე პენი, მისი პარტია "ნაციონალური გაერთიანება" და კიდევ 24 პირი, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი ფრანგი პარლამენტარები და ევროპარლამენტარები, ბრალდებული არიან ევროპარლამენტის კუთვნილი სახსრების უკანონოდ გამოყენებაში.
დაპატიმრების გარდა, პროკურატურა ლე პენისთვის 300 000 ევროს ოდენობის ჯარიმის დაწესებასა და რამდენიმე წლის განმავლობაში მისთვის საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრის აკრძალვას ითხოვს.
პროკურორები სასჯელის დაუყოვნებლივ აღსრულებას ემხრობიან, მაშინაც კი, თუ ლე პენი სასამართლოს ვერდიქტს გაასაჩივრებს. სასამართლომ განაჩენი მომავალი წლის დასაწყისში უნდა გამოიტანოს.