"ქართული ოცნების" წევრი, ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არანაირი ჩარევა არ ყოფილა, მით უმეტეს, რუსეთის მხრიდან.
მისივე თქმით, არაა გამორიცხული, საკითხის წამოწევა ქართული ოპოზიციის მხრიდან მუხტის ასაწევად ხდებოდეს.
"ეს არის არაფრიდან შექმნილი ხმაური, იმიტომ რომ, რეალურად, არც საგარეო ჩარევას - მითუმეტეს რუსეთის მხრიდან და არც სხვა მიმართულებით, არანაირი საფუძველი არ აქვს. ეუთო/ოდირის დასკვნებში ძალიან მკაფიოდაა აღნიშნული არჩევნების აბსოლუტურად ყველა კომპონენტი. ფაქტია, რომ ოპოზიცია ცდილობს, გამოიყენოს ყველანაირი ბერკეტი, რომ მოახდინოს არჩევნების და მისი შედეგების დისკრედიტაცია. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ დიახაც, ოპოზიციის ამ ნაწილის მიერ იყოს ეს საკითხი წამოწეული, რომ კიდევ ერთხელ, რადგან შიგნით არაფერი გამოუვიდათ, გარედან სცადონ მუხტის აწევა", - აცხადებს მახაშვილი.