ინდოელი ბიზნესმენის აკბარ ქუშერის ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გუშინ შეტანილ განცხადებებთან დაკავშირებით პასუხს ამ დრომდე ელოდება.
ადვოკატმა მანანა აფხაძემ წერილით შს სამინისტროს გუშინ მიმართა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების ამოღება და იმ პირთა დადგენა მოითხოვა, ვინც ინდოელი ბიზნესმენის გაძევებისას მესაზღვრე პოლიციელებს სატელეფონო მითითებებს აძლევდა.
მანანა აფხაძე აცხადებს, რომ მის მიერ შეტანილი განცხადებები დაეწერა კონკრეტულ ადამიანებს, თუმცა ჯერჯერობით რეაგირება სამინისტროს არ მოუხდენია.
„რამდენიმე წუთის წინ დაეწერა ქალბატონ ირინა ჯიშკარიანს. მე ვესაუბრე ქალბატონ ირინა ჯიშკარიანს, მან მითხრა, რომ მისთვის ცნობილია რამდენად აქტუალურია ეს საკითხი, როგორ ხდება მისი გაშუქება და დაინტერესებაც ძალიან დიდია და აღმითქვა, რომ 15/20 წუთში მომცემდა პასუხს თუ რა ღონისძიებები უდნა გაატაროს მან რომ დაბეჯითებით მითხრას თუ რაიმე საფრთხე აქვს ადამიანს, რომელიც დღეს აპირებს ქვეყანაში შემოსვლას. ამ ადამიანმა ყველა მტკიცებულება წარმოადგინა იმისათვის, რომ ის უკანონოდ არ ჰკვეთდა საზღვარს,“-განაცხადა მანანა აფხაძემ.
ორის დღის წინ, უკან გაბრუნებული ინდოელი ბიზნესმენი თბილისში ჩამოსვლას დღეს დღის მეორე ნახევარში გეგმავს. ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევამდე აკბარ ქუშერს პოლიციასთან პრობლემა არ ქონია და გაუგებარია რა მიზეზით გააძევეს ის საქართველოდან. ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცველებს დამამცირებელ მოპყრობაშიც ადანაშაულებს.
ქართველ მესაზღვრეებს შეურაცხყოფასა და უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებს ინდოეთის კიდევ ერთი მოქალაქე. ხუშბუ კაუშალი ინდოეთში საქართველოს ელჩს ესაუბრა.
როგორც ხუშბუ კაუშალიმ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, მან ქართველ დიპლომატს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კაუშალი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არ შეუშვეს საქართველოში, მაშინ როდესაც დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა.