არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების ბრალდებას, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, უარყოფენ სოზარ სუბარის უწყებაში.
სამინისტროში მზად არიან, ყველა ის დოკუმენტი წარადგინონ, თუ რის საფუძველზე თქვეს უარი ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. უწყებაში ამტკიცებენ, რომ მას ექსტრადიციის შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრება.
„პოლიტიკურად მოტივირებული ვერანაირად ვერ იქნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ძალიან კონკრეტულ საფუძვლებს, თუ რის მიხედვით ენიჭებათ პირებს ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარულის სტატუსი,“ - აცხადებს თავშესაფრის სამმართველოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლომიძე.
პარალელურად, დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაცვის მხარე სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება.
„ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, უკანონო და, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულია. ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ლტოლვილთა სამინისტროს არ მიუღია და ის უფრო მაღალ სამთავრობო დონეზე შეთანხმდა. ეს ზრდის ეჭვებს იმის თაობაზე, რომ შეიძლება, მთავრობას ექსტრადიციის თაობაზეც აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რაც სერიოზული პრობლემაა და ის არსებითად არღვევს ადამიანის უფლებების სტანდარტებს,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ.