18 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
წაღვერის ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან - "კურიერის" გადამღები ჯგუფი სტიქიის ეპიცენტრში

ძლიერ ხანძარს წაღვერის ტყეში უკვე შვიდი საათია ებრძვიან. ავიაცია ადგილზე ამ დრომდე მუშაობს, სადაც მობილიზებულია 5 სახანძრო მანქანა.

პოლიციის ვერტმფრენი ხანძრის ჩაქრობას დღეს იმ ადგილებში ცდილობდა, სადაც ვერც ტექნიკამ და ვერც ადამიანებმა ვერ მიაღწიეს.

„კურიერის“ გადამღები ჯგუფი წაღვერის ტყეში დღეს ხანძრის მთავარ კერამდე მივიდა, იქ სადაც მეხანძრეები და ისიც მხოლოდ სპეციალური აღჭურვით შედიოდნენ. ცეცხლის შედეგად წარმოქმნილი ძლიერი დაკვამლიანება მაშველებსა და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ხანძრის ლოკალიზებაში ხელს უშლიდა.

მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები ტყეში დღის 2 საათიდან მუშაობენ. მათთან ერთად ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან ადგილობრივები.

ადგილობრივების დახმარება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც გამოჩნდა, რომ სახანძრო და სამაშველო სამსახურები სტიქიას ვერ უმკლავდებოდნენ.

წაღვერის ტყეში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია და მას ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ დაითვლიან. სატყეო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ დროისთვის სრულად 1 ჰექტარზე მეტი ტყეა განადგურებული.

დღის ამბები