18 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
სააკაშვილის მხარდამჭერების ხმაურიანი აქცია კიევში და დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის

მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრები და მხარდამჭერები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შესვლას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები პეტრე პოროშენკოსგან ითხოვდნენ დასაბუთებულ არგუმენტებს, თუ რატომ ჩამოართვა მათ ლიდერს უკრაინის მოქალაქეობა. აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადების დატოვება სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოროშენკოს რეზიდენციას სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა იცავდა.

აქციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" წევრების გარდა, რადას მოქმედი დეპუტატებიც იმყოფებოდნენ. ისინი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, პოლიტიკურ დევნას უწოდებენ და რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე მიუთითებენ.

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გასაჩივრებას ჯერ უკრაინის, შემდეგ კი საერთაშორისო სასამართლოში გეგმავენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები. ამისთვის კი იურისტებს პეტრე პოროშენკოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება სჭირდებათ, რომელიც მათ დრომდე არ მიუღიათ. იურისტები დარწმუნებულები არიან, რომ პოროშენკომ ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრები მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მომდევნო დღეებში ისევ ქუჩაში, აქციებით გააპროტესტებენ. პარალელურად უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით.

დღის ამბები