ბავშვთა სამყაროს დირექტორი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლე რომან ხორავამ დაკავებულების მიმალვის საფრთხე ვერ დაინახა და ჩათვალა რომ მათი გათავისუფლება სასამართლო პროცესს ხელს არ შეუშლიდა.
ბრალი, რომელიც გიორგი მაჭავარიანს წარედგინა ხანძრიდან 3 თვის შემდეგ გაკეთებულ ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა. თუმცა სასამართლოს კიდევ ერთი დოკუმენტის განხილვა მოუწევს. დაცვის მხარე პროკურატურის მთავარ მტკიცებულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას უპირისპირებს სადაც წერია, რომ ხანძრის გაჩენამდე ბავშვთა სამყაროს შენობაში უსაფრთხოების ზომები სრულად იყო დაცული.
დილიდან კი პროკურატურასთან მაჭავარიანის მხარდამჭერებისა და ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეების აქცია პარალელურად მიმდინარეობდა. დაკავებულების ახლობლები და იურისტები მაჭავარინანის გათავისუფლებას და რეალური დამნაშავის დაკავებას ითხოვდნენ. დაზარალებული მოვაჭრეების მოთხოვნა კი სხვა დამნაშავეების დასჯა და ზარალის ანაზღაურება იყო.
გიორგი მაჭავარიანისა და მალხაზ თევზაძის მომდევნო სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს გაიმართება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორი: თაკო სურგულაძე