06 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
2020 წლისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერება იგეგმება - ფედერიკა მოგერინი 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი თვით ადრე, ტალინში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეებისთვის ვიდეო მიმართვა ფედერიკა მოგერინიმ გაავრცელა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ 2020 წლისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერება და 20 კონკრეტული წინადადების შესრულება იგეგმება.

მოგერინის განცხადებით, მომავალი სამიტის ყურადღების ცენტრში იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიას, თანამშრომლობას ეკონომიკასა და ვაჭრობაში, ადამიანის უფლებებს და კანონიერების დაცვას.

"აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური ან სფეროების გადანაწილების საკითხი. ჩვენი მიზანი, მოქალაქეების ცხოვრებაში რეალურად პოზიტიური ცვლილებების შეტანაა. ეს არის პარტნიორობა თანამშრომლობისთვის და არა რაიმეს წინააღმდეგ. ეს არის პარტნიორობა ეკონომიკისა და ვაჭრობის კუთხით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის. ყველა ეს საკითხი მომავალი სამიტის ყურადღების ცენტრში იქნება მოქცეული, რათა 2020 წლისთვის მათ შესრულებას მივაღწიოთ. ეს ამბიციური პროგრამაა და მისი წარმატებისთვის თქვენი დახმარება და საერთო ძალისხმევაა საჭირო. ჩვენ პარტნიორები ვართ. ჩვენ თქვენ გვჭირდებით, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრმამ შედეგი გამოიღოს," - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ. 

დღეს ტალინში მიმდინარე ფორუმზე ჟურნალისტური პრემიით აფგან მუხთარლის დააჯილდოებენ. ერთერთი პანელის თემა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა და პროცესში სამოქალაქო სპექტრის ჩართულობა იქნება, მსჯელობაში მონაწილეობას საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.

დღის ამბები