საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება კონტროლს ექვემდებარება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ეხმაურება.
დეკანოიძე წულუკიანს საქართველოს კონსტიტუციის არასწორ ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დღეს ისევე როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყველა თანხმდება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის გამოტანილი განაჩენი იყო პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგი.
"ენმ"-ის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, თეა წულუკიანი, ისევე როგორც სასამართლო, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შემსრულებელია.
„სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრი, რომელიც პირდაპირ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, დავალებებს, ასევე ძეგლს უდგამს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს კონსტიტუციის ინტერპრეტაციას აკეთებს ისე, როგორც ეს სურს ხელისუფლებას და "ქართულ ოცნებას". საქართველოში არის საზოგადოების სრული კონსენსუსი, მათ შორის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადება, საერთაშორისო თანამეგობრობა არის შეთანხმებული, რომ ეს განაჩენი იყო პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგი და რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გასამართლდა მისი უფლების გამო,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს „ევროპული საქართველოც“. სერგო რატიანი გიორგი მარგველაშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„მთელი პოლიტიკური სპექტრი ფაქტობრივად და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები ვთანხმდებით იმაზე, რომ სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს აზიანებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და ასევე ვნებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს,“ - აცხადებს სერგო რატიანი.