არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების განცხადებით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე არა ერთი კითხვა არსებობს. „საქართველოს იურისტთა ასოციაციამ“ ხელისუფლებას მიმართა, რომ იმ კითხვებს, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს, დროულად გაეცეს პასუხიები, რადგან ეს საქმე საერთაშორისო საზოგადოებას და პარტნიორ ქვეყნებსაც აინტერესებთ.
„ამ პროცესში ხელისუფლებამ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას იმ ფარგლებში, რაშიც ეს შეიძლება გავრცელებული იყოს. მეორეს მხრივ, უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება ქვეყანაში, თუმცა არ უნდა დარჩეს კითხვები, სადაც ჩვენ გვექნება შეკითხვები, მაგრამ არ იქნება პასუხები. ამიტომ, სწრაფი და ობიექტური გამოძიება არის ამ პროცესში აუცილებელი. ეს სცილდება მხოლოდ საქართველოს კონტექსტს, მათ შორის იქ საუბარი იყო, რომ ტერაქტები იგეგმებოდა, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში. ამიტომ, ამ თემისადმი ინტერესი არის არა მარტო საქართველოში, არამედ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც და ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად მოკლე დროში მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. ექიმის თქმით, გამთენიისას უკიდურესად გართულდა მდგომარეობა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.