გიორგი შარაშიძის კომპანიის საქმეში ოპოზიცია ახალ დეტალებს ასაჯაროებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა "კურიერს" სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა გადასცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ლილოს დასახლებაში არსებული მიწის ნაკვეთი 5 შენობასთან ერთად 644 ათას ლარად იყო შეფასებული.
ოპოზიციის წევრი ამტკიცებს, რომ შარაშიძემ სახელმწიფო სწორედ ამდენით დააზარალა. ხაბეიშვილი მზად არის, დოკუმენტაცია ფინანსურ პოლიციასაც მიაწოდოს.
„ექსპერტის დასკვნა ჩაგვივარდა ხელში, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ამ შენობა -ნაგებობების ღირებულება შეადგენდა 644 ათას ლარს. ის რომ 100 ათასობით ლარის ზიანი ნამდვილად მიადგა სახელმწიფოს, ამას ადასტურებს ექსპერტის დასკვნები. აქ იკვეთება რამდენიმე პირის პასუხისმგებლობა - პირველი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომელმაც მთავრობის სხდომაზე გასცა ეს შენობა ნაგებობები, გახარია, რომელმაც ჩაიბარა არ არსებული შენობა-ნაგებობები,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
"კურიერმა“ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი შარაშიძემ ეკონომიკის სამინისტროსგან ტერიტორია ნაგებობებთან ერთად ჩაიბარა, უკან კი მხოლოდ მიწა და შენობის ნანგრევები დააბრუნა.