„ამაზე არ მგონია, რომ პრეზიდენტი რაიმე კომენტარს გააკეთებს,“ - ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე კონკურსიდან გამოთიშვასთან დაკავშირებით გააკეთა.
იუსტიციის საბჭოში კენჭისყრა მიმდინარეობს, სადაც 52 ვაკანტურ პოზიციაზე მოსამართლეები უნდა გაამწესონ. მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველმა მოსამართლე არევაძემ კონკურსიდან გამოთიშვის გადაწყვტილება ბოლო ეტაპზე მიიღო. მას ინსტანციის შეცვლა სურდა და საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში უნდოდა გადასვლა.
მოსამართლე გიორგი არევაძის გამოთიშვასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თავს იკავებს.
„პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობა და ის, რომ საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობდეს ეს ინსტიტუტი და ამისთვის პრეზიდენტი, თავისი მანდატის ფარგლებში, მოქმედებდა და გააგრძელებს მოქმედებას. თუმცა, ამ კონკრეტულ დანიშვნებთან დაკავშირებით ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ ეს არის კონკრეტული ფაქტები, ჩვენ არ ვაკვირდებოდით, არ გვაქვს ინფორმაცია,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მოქმედმა მოსამართლემ, გიორგი არევაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ კონკურსს გამოეთიშოს.
გიორგი არევაძემ კონკურსის ყველა წინა პროცესი და კენჭისყრის ეტაპზე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.
ანა ნაცვლიშვილმა მოქალაქეობის საკითხზე მომუშავე კომისიის შესახებ დასმულ კითხვებზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ კომისიასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობდა სექტემბრიდან.