ფული აქვს და დამოუკიდებელი არ არის - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბრისას გააკეთა.
ოპოზიცია მაუწყებლის შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა ცოტახნის წინ მიიღო, კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ კანონი მედიას არათანაბარ პირობებში აყენებს და პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ ყველა ველოდებით, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას, სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია. ეს კანონი არის ძალიან ცუდი, ის ხელს უშლის მედიის განვითარებას, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ამ სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტს. აქვს არაადეკვატურად დიდი დაფინანსება, 50 მილიონიანი მაუწყებელი საქართველოს არ სჭირდება,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
კანონის ამოქმედების შემთხვევაში, არათანაბარი მედია გარემოს შექმნის გარდა, კორუფციის სერიოზულ რისკებს ხედავენ „ევროპულ საქართველოში“.
„ეს კანონი ვნებს თავისუფალ მედიას, რადგან აზიანებს თავისუფალი მედიის სარეკლამო ბაზარს და მეორე, ის ქმნის კორუფციის ზრდის ტენდენციას და პირობებს საზოგადოებრივ მაუწყებელში. შესაბამისად აუცილებელია, რომ პრეზიდენტმა დაადოს ამ კანონს ვეტო,“ - აცხადებს სერგო რატიანი.