ექსტრადირების თემაზე სასაუბროდ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე კიევში იმყოფებოდა. ინფორმაციას უკრაინის მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ იური ლუცენკოსა და გიორგი გოგაძის შეხვედრის მიზანი სწორედ ექსტრადირების საკითხების განხილვა იყო.
შეხვედრა 12 იანვარს შედგა, თუმცა, ინფორმაცია მხოლოდ დღეს გავრცელდა. ამასთან, სააკაშვილის გვარი ოფიციალურ განცხადებაში ნახსენები არ არის.
თუმცა, უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებების თემა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება იყო.
ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
„ბატონი ლუცენკო არის ის გენერალური პროკურორი, რომლის გენერალური პროკურორობის პერიოდში უკრაინამ უკვე ორჯერ უთხრა საქართველოს უარი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე იმიტომ, რომ პოლიტიკური მოტივები იკვეთებოდა მიხეილ სააკაშვილის საქმეებში და ეს პოლიტიკური მოტივები შეწყალების საქმეზე კიდევ უფრო მკაფიოდ დადასტურდა,“ - განაცხადა ბასილაიამ.