როდის იმსჯელებს მაუწყებლის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით პარლამენტი, კვლავ უცნობია. თუმცა, არ არის გამორიცხული, ამ საკითხზე პარლამენტმა რიგგარეშე სესია ჩანიშნოს. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 5 თებერვლამდე უნდა გაიმართოს.
დეპუტატები მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემდეგ გადაწყვეტენ, იმსჯელონ თუ არ ვეტოს დაძლევის თემაზე.
შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის ნაწილი.
„ეძლევა შანსი პარლამენტს, რომ გადახედოს ამ კანონს. მთლიანობაში ისე, როგორც ახლა ითვალისწინებენ, ეს არის საერთოდ დამღუპველი, მე ძალიან კარგად ვიცი, რაზეც არის გათვლილი. გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ ერთ ტელევიზიაზე, თქვენს ტელევიზიაზე და მათ რა თქმა უნდა, სხვა კომერციული არხები, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, ნაკლებად ადარდებთ,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი გიორგი ჭანტურია.
საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ცვლილებების მიღებით კიდევ უფრო მეტად შეფერხდება დემოკრატიის განვითარების საკითხი.
„პრეზიდენტის ვეტოში ძალიან ზუსტად არის აქცენტი დასმული იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტშია ამჟამად. კორუფციული სქემების აწყობა უნდათ საზოგადოებრივ მაუწყებელში, რაც, ჩვენი აზრით, გაუმართლებელია,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.