NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი კვლავ მაღალია, თუმცა წინა თვეებთან შედარებით ოდნავი კლება შეინიშნება, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, კვლევის შედეგებს ყურადღებით ადევნებენ თვალს.
"რეგულარულად ტარდება სხვადასხვა საზოგადოებრივი გამოკითხვა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის შესახებ. ეს მხარდაჭერა მყარია, თუმცა მცირედით ზოგჯერ მატულობს, ზოგჯერ კი კლებულობს, მაგრამ მეტ-ნაკლებად მასშტაბი იგივე რჩება. ბოლო კვლევის მიხედვითაც, ჩანს ეს ცვალებადობა, რასაც ვერანაირ მიზეზს ვერ მივაწერთ. მისი შესწავლა კვლევითი სააგენტოებისა და პოლიტიკური ექსპერტების პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ კვლევის შედეგებს, მაგრამ ცვლილებებს ვერ ავხსნით. თუ ეს იქნება გრძელვადიანი ტენდენცია, მაშინ აუცილებლად უნდა მივაქციოთ უფრო მეტი ყურადღება, მაგრამ, ახლა ასე ნამდვილად არ არის,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა.
NDI-ის კითხვაზე, ამ ორი მოსაზრებიდან რომელს ეთანხმებით, საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, თუ ევროკავშირში, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა, 60% კი, ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა.
NDI-მ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველი კვლევა გამოაქვეყნა. შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოკითხვის შედეგების ნაწილი გაასაჯაროა, სადაც მოსახლეობის მთავარი პრობლემების ჩამონათვალი და ქვეყნის განვითარების შეფასებაა მოცემული.