20 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ჯერ დაკავებული არ გვყავს - შს მინისტრი

"კონკრეტულად ამ დანაშაულთან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არ გვყავს," - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, საქმეზე ახალ დეტალებს საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯგუფი ხვალ გააცნობს.

„შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. ეს გახლავთ მაღალი პროფესიული დონის რამდენიმე სპეციალისტი, საკმაოდ დიდი ჯგუფია, რომელიც უკვე გუშინ ჩაერთო გამოძიების პროცესში. საქმეზე გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები. დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და უახლოეს პერიოდში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს," - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

მთავრობის სხდომის დასრლების შემდეგ შს მინისტრმა თქვა, რომ საგამოძიებო ჯგუფი ღია იქნება საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. 

"მე გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, მესმის, რომ ეს არის რეზონანსული საქმე და ხვალინდელი დღიდან საგამოძიებო ჯგუფი იქნება ღია საზოგადოებასთან ურთიერთობების ჭრილში და რა თქმა უნდა, ინფორმაცია იქნება გაზიარებული აბსოლუტურად ღიად. ხვალ-ზეგ საგამოძიებო აქტიური ნაწილი იქნება დასრულებული და ამის შემდეგ ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებთ საზოგადოებასთან,“ - განაცხადა გახარიამ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები