"არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას განახორციელოს პოლიტიკური ზეწოლა და მოახდინოს "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა," - პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ეხმაურება.
"მაშინ, როცა ხელისუფლების მიერ მედია ჩახერგილია, როცა "ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პერმანენტულად მიმდინარეობს ღია თუ ფარული დარტყმები თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, როცა ადგილი აქვს განსხვავებული აზრის მიმართ ქვეყნის ფორმალური თუ არაფორმალური მმართველების მხრიდან აგრესიულ დამოკიდებულებას, "რუსთავი 2"-ის, როგორც განსხვავებული აზრის მატარებელი, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიმართ მსგავსი ხასიათის პოლიტიკური დარტყმები აზიანებს საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის საერთო მიზანს.
"არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას განახორციელოს პოლიტიკური ზეწოლა და მოახდინოს "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. მით უფრო, როცა ტელეკომპანიასთან დაკავშირებული პროცესები სტრასბურგის სასამართლოშია გადატანილი, ხოლო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch თავის ანგარიშში ხელისუფლების მხრიდან "რუსთავი 2"-ზე განხორციელებულ ზეწოლას შემაშფოთებელს და მედიის დამოუკიდებელ მუშაობაში ჩარევას უწოდებს. ვფიქრობ, ამ ფონზე ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ტელეკომპანიაზე დარტყმა მხოლოდ ბიძგის მიმცემი იქნება სახელისუფლო ინტერესებისთვის და დამაზიანებელი საერთო საქმისთვის, როგორიცაა განსხვავებული და თავისუფალი აზრისთვის ბრძოლა," - აცხადებს "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.