გიორგი ჭანტურიას მამა საგანგებო პრესკონფერენციაზე იმ დეტალებზე საუბრობს, რაც მისი შვილის დაკავებას წინ უძღოდა. გიორგი ჭანტურიას მამა ყვება, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, რუსთავის მერმა მას და მის შვილს თანამდებობების დატოვება მოსთხოვა.
გიორგი ჭანტურია, რუსთავის მერიაში სახელმწიფო აღრიცხვების და გაწვევის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.
ზურაბ ჭანტურიას განცხადებით, გიორგი ჭანტურია სამსახურიდან მართლაც პირდაპირი განცხადების საფუძველზე წავიდა, მას კი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.
ზურაბ ჭანტურია აცხადებს, რომ 2010 წლიდან დღემდე, ის „ქართული ოცნების“ წევრია.
„დამიბარეს მერიაში, ქალაქის მერმა, მეუბნება, რომ ხელშეკრულება დაგიმთავრდა უნდა წახვიდე. როდესაც შევეკითხე, მიზეზი რა იყო ამის, რატომ უნდა წავსულიყავი, ხელშეკრულება დამიმთავრდა, რატომ არ შეიძლებოდა ამ ხელშეკრულების გაგრძელება, მიპასუხა, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის, ეს მოდის პარტიიდან, ზევიდან,“ - აცხადებს ზურაბ ჭანტურია.
რუსთავის მერიაში წანტურიების სამსახურებიდან გაშვებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ზურაბ ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ გასულ ზაფხულს გაიცნო და მეტჯერ არ შეხვედრია.
ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, გიორგი ჭანტურიას მიმართ ქუთათელაძის მკვლელობაში ეჭვი თავად ჭანტურიას ნათქვამმა გამოიწვია, როდესაც აღნიშნა, რომ ბოლოს გენერალი მან ნახა.
„ის, რომ გიორგის რაიმე შემხებლობა ჰქონდეს მკვლელობასთან, ერთი მტკიცებულებაც არ მოიპოვება. 5-ს რომ 20 აკლდა ცხონებული მოკლეს, გიორგი ჭანტურია ამასობაში იმყოფებოდა როგორც, თავად ბატონმა ზურაბმა დაადასტურა, მასთან ერთად ბანკში,“ - განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს და 40 საათიანი დაკავების შემდეგ, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.