ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს კიევში სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლეთა კოლეგია, კიევის პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მსჯელობს, რომელმაც არ დააკმაყოფილა კიევის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ შეუფარდა შინა პატიმრობა.
მიხეილ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში განცხადება გააკეთა. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიმდინარე პროცესებს უკრაინის პრეზიდენტის პირდაპირი დაკვეთა უწოდა.
სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკომ არა ერთხელ დაარღვია უკრაინის კონსტიტუცია. რაც შეეხება პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სააკაშვილი ამბობს, რომ გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში ასევე უკრაინის პრეზიდენტის პირადი ბრძანების საფუძველზე მოხდა.
მისივე განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი უკრაინიდან დეპორტირება.
“ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, არის პირადი ბრძანება, პირადად პეტრო პოროშენკოსი. სხვა აქ არაფერი არ არის. პოროშენკომ დაარღვია უკრაინის კონსტიტუცია. რა ხდება პროცესზე - ეს არის უპრეცედენტო იურიდიულ პრაქტიკაში,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მას დოკუმენტების ფალსიფიცირებით ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა და ეს ბრძანებაც პირადად პეტრო პოროშენკომ გასცა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სურს მისი ქვეყნიდან გაძევება.
„მათ არ სურთ მე მიხილონ უკრაინის ციხეშიც კი. სასამართლო ცდილობს უკვე არა ერთხელ მე დამადეპორტოს ქვეყნიდან უაპელაციოდ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.