20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ნარკოდამოკიდებული პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნის შემდეგ ამოქმედდება 

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის სამინისტროში მსჯელობდნენ. გადაწყდა რომ ახალი, უფრო ლიბერალური კანონი ნარკოპოლიტიკის შესახებ იქამდე არ შევა ძალაში, ვიდრე არ შეიქმნება სარეაბილიტაციო ცენტრები ნარკოდამოკიდებული პირებისთვის. თუმცა, როდის მოხდება სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა, უცნობია.

„დღევანდელ სხდომაზე ჩემი ჩათვლით, არ ყოფილა არცერთ წევრი თუ მოწვეული სტუმარი, რომელმაც არ აღნიშნა და აქ იყო თანხვედრა პოზიციების, რომ ჩვენ შევძლებთ ლიბერალური პოლიტიკის შემოტანას ყველა ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებით, თუ ასეთს გადავწყვეტთ, მხოლოდ მაშინ, როდესაც ინფრასტრუქტურა და სერვისები იქნება მზად,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკის შენახვა ადმინისტრაციული წესით დაისჯება, თუმცა თუ ნარკოტიკის საზღვარზე გადატანა მოხდება, თუნდაც პირადი მიზნებისთვის, ძალაში დარჩება მკაცრი რეგულაციები და პირს სისიხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„ჩვენ ვთავაზობდით, რომ აქაც ყოფილიყო მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი, ამაზე სამართალდაცვითმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ ამან შეიძლება წაახალისოს მცირე ოდენობებით, ნახევარ-ნახევარი აბით საზღვარგარეთიდან ნარკოტიკის შემოტანა. დავეთანხმეთ და ამის გამო ინიციატივის ეს ნაწილი ამოღებულ იქნა,“ - განმარტა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

დღის ამბები