20 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია "news one"- ის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად ოპოზიციურ ძალებს შორის პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმებაა საჭირო.

მისი თქმით, კანდიდატი მოსახლეობის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით და საჯარო დებატების შემდეგ უნდა იყოს შერჩეული, რაც ამომრჩეველს მოქმედი ხელისუფლებისგან ალტერნატიულ კანდიდატზე არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს.

პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის კრიტიკა უნდა დაასრულონ, რადგან უკრაინის მთავრობა მათ შორის არსებულ უთანხმოებებს საკუთარი ინტერესების დასაცავად იყენებს.

„ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ და რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. იმისთვის, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეთ, უნდა განვსაზღვროთ, ვის გარშემო გავერთიანდებით. კარგი იქნება, თუ უახლოეს თვეებში პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას შევძლებთ. ჩვენ უნდა შევარჩიოთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პრაიმერიზში მიიღებენ მონაწილეობას, გამართავენ დებატებს, შემდეგ კი მოსახლეობა თავად გადაწყვეტს თუ ვის ანიჭებს უპირატესობას. სწორედ ამ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ჩვენ ვებრძვით დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც ქვეყნის სათავეში აღარ უნდა დარჩეს. ხალხი მხოლოდ იმიტომ ითმენს, რომ მათ ალტერნატიულ ძალასთან დაკავშირებით აზრი არ აქვს ჩამოყალიბებული," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები