გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მიმდინარეობაზე განმარტება ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შს მინისტრის განცხადებით, უწყების ამოცანაა, რომ საქმე ბოლომდე იყოს გახსნილი.
„გამოძიება ასრულებს მის ფუნქციას და ბატონი ჭანტურია, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ბატონ ქუთათელაძესთან და ამიტომ გამოძიება ასრულებს თავის ფუნქციას და გააგრძელებს თავისი ფუნქციის შესრულებას. ყველა ადამიანი, რომლის მიმართ გარკვეული ეჭვი არსებობს, შესაბამისი ქმედებები იქნება გატარებული,“ - განაცხადა გახარიამ.
შს მინისტრი გიორგი ჭანტურიას ადვოკატების ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომლებმაც გიორგი გახარიას მოადგილე, კახაბერ საბანაძე ჭანტურიაზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულეს, რათა მას გენერლის მკვლელობა ეღიარებინა.
„ჩემი პირველი მოადგილე გახლავთ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი და ის პირდაპირ ასრულებდა თავის ფუნქციებს. ის ასრულებს საგამოძიებო ფუნქციებს და გააგრძელებს ამ ფუნქციების შესრულებას. არანაირ გადამეტებას იქ არ ჰქონია ადგილი. თუ ტაქტიკა - თავდასხმა არის, საუკეთესო თავდაცვა, იქნება არჩეული, ამას ჩვენზე ზემოქმედება არ ექნება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.