გროზნოს მერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, მან დღეს ჟურნალისტებისგან შეიტყო ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გროზნოს მერს კავშირი ჰქონოდა კრიმინალურ საქმიანობასთან. შს მინისტრის განცხადებით, ამ საკითხით დაინტერესდება და ინფორმაციას გადაამოწმებს.
„ეს ინფორმაცია ახლა თქვენგან პირველად მესმის. ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ. ეს ადამიანი წლებია, არცერთ სიაში შეტანილი არ ყოფილა კი არა, არასოდეს არ ყოფილა. შესაბამისად, არ ვიცი, რა ფორმით, მაგრამ ალბათ, როგორც ტურისტი შემოვიდა და გავიდა. თქვენ რაც ახლა ბრძანეთ, ამას გადავამოწმებთ და თუ დადასტურდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
განცხადება შს მინისტრმა „რედისონში“ გააკეთა, სადაც ახალი დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით იმუშავებს, მათ შორის არის ოჯახში ძალადობა, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაული.