მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის ღია დაპირისპირებისა და გარჩევის მორიგ მიზეზად იქცა. პარლამენტის თავმჯდომარემ მედია ორგანიზაციებთან შეხვედრაზე გუშინ პრეზიდენტის ვეტო გააკრიტიკა და გიორგი მარგველაშვილისგან დამატებითი არგუმენტები მოითხოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი პარლამენტის თავმჯდომარეს ტონი დაუწუნეს. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობიდან კიდევ ერთი პასუხი მოჰყვა.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს ირაკლი კობახიძის კრიტიკის გამო უსაყვედურა.
„მათ, ალბათ, არ სურთ არგუმენტების და აზრების გაცვლა-გამოცვლა და ურჩევიათ, ეს ყველაფერი გადავიდეს დაპირისპირების სტილში და ამაზე ილაპარაკოს შემდეგ მედიამ და საზოგადოებამ. ეს არ არის მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხყოფა. ეს არის ზოგადად, ინსტიტუტის შეურაცხყოფა,“ - განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვეტოს განხილვა არგუმენტების გათვალისწინებით მოხდება.
„რაც არ უნდა უზრდელური ტონი, რაც არ უნდა ნეგატიურ კონტექსტში, კრიტიკაზე არ არის საუბარი, ეს კრიტიკა არ იყოს, გამოამჟღავნოს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ, ჩვენ ამას გადამწყვეტ ფაქტორად არ მივიღებთ და გადამწყვეტ მოცემულობას, როდესაც კონკრეტულად ამ ვეტოს შეეხება საკითხი, ჩვენ ვეტოს დავძლევთ თუ არა ეს დამოკიდებული იქნება არგუმენტებზე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.