30 დეკემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ნაცემი ტრანსგენდერი ქალი დაკითხვაზე იმყოფება

ვაკის პარკთან ნაცემი ტრანსგენდერი ქალი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. ის მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს.

23 წლის მირანდა ფაღავას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიყენებული. მათ შორის თავის არეში.

ის ყვება, რომ თავდამსხმელი მამაკაცი იყო, რომლის გაღიზიანებაც მირანდას გენდერულმა იდენტობამ გამოიწვია. მირანდა ფაღავას ინფორმაციით, უცნობი ნასვამი მამაკაცი მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ჯერ ხელს, შემდეგ ბლაგვ საგანს ურტყამდა. სისხლიანი ფაღავა გამთენიისას დახმარებას ერთი საათის განმავლობაში მაღაზიისა და ჯიხურების კონსულტანტებს უშედეგოდ სთხოვდა.

მირანდა ფაღავა, ამბობს რომ საქართველოში ის თავს დაუცველად გრძნობს, რის გამოც იძულებულია, ქვეყანა დატოვოს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ამოღებულია თამარაშვილის ქუჩის კამერების ჩანაწერები.

ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტს სწავლობს სახალხო დამცველიც.

ბოლო პერიოდში ეს ტრანსგენდერი ქალის ძალადობის გახმაურებული მეხუთე შემთხვევაა. წინა ოთხი შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდა. 

დღის ამბები