პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელს აკრიტიკებს და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
საქმე ეხება ლორა ტორნტონის Facebook პოსტს, სადაც ის NDI-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე წერდა.
"გასულ ღამეს, „იმედის“ ჟურნალისტმა პირდაპირ მკითხა, ჩასვა თუ არა NDI-მ გამოკითხვაში კითხვები შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ იმისთვის, რომ რამენაირად შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ლობირება გაეწია რუსეთის წინააღმდეგ. ტრამპი ალბათ, რუკაზეც კი ვერ იპოვის საქართველოს, არა თუ აკვირდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას აქედან,“ - აღნიშნულია ლორა ტორნტონის Facebook პოსტში.
მეზურნიშვილის კრიტიკულ ტონს მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებიც იზიარებენ და ამბობენ, რომ NDI-ის ხელმძღვანელმა სულ მცირე ახსნა განმარტებები უნდა გააკეთოს, რის თქმა უნდოდა ამ პოსტით.
„მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მასშტაბი, გაუმართლებელია ცინიკური განცხადებებით შეუწყო ჩვენი ქვეყნისთვის მტრული ნარატივის დამკვიდრებას, ნარატივის, რომლის თანახმადაც, აშშ-ს არაფრად უღირს ჩვენსავით მცირე ქვეყნების პარტნიორობა. მოვუწოდებ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლორა ტორნტონს, მოიხასდოს საჯაროდ ბოდიში გაკეთებული განცხადებისთვის, რადგან ასეთი განცხადებები საქართველოს და აშშ-ის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს,“ - განაცხადა მეზურნიშვილმა.